დავუბრუნდეთ ახალ ამბებსუკან

ლისი დეველოპმენტის განცხადება

დეველოპერული კომპანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტმა“ 2024 წელი გაძლიერებული მმართველი გუნდით და განახლებული სტრატეგიით დაიწყო.

კომპანიამ განახორციელა რიგი ცვლილებები, კორპორატიული მართვის ხარისხის გასაუმჯობესებლად, როგორც გუნდის, ასევე შიდა პოლიტიკების და პროცესების მიმართულებით.

მათ შორის, ჩაანაცვლა აუდიტორული კომპანია და მოიწვია დიდი ოთხეულის წარმომადგენელი კომპანია „ერნსტ ენდ იანგი“. შედეგად კომპანიამ ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განახორციელა აღრიცხვის პოლიტიკის ცვლილება და კომპანიის ფინანსური ანგარიშგების გამჭირვალობისა და კონსისტენტურობის გაუმჯობესება.
კომპანიის განახლებულმა ანგარიშგებამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭირვალობის ჯილდო“- BARTA.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური აღრიცხვის შიდა პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად, მოხდა ამ ცვლილებების შესაბამისად წინა პერიოდების, 2021 და 2022 წლების ანგარიშგებების განახლება (მათ შორის ცვლილებები შეეხო: ჯამური აქტივები გაუტოლდა 681 მილიონ ლარს, ნაცვლად 690 მილიონი ლარისა (1.2%-ით შემცირება), ხოლო კომპანიის საკუთარი კაპიტალი 596 მილიონი ლარს გაუტოლდა, ნაცვლად 611 მილიონი ლარისა (2.4%-იანი შემცირება), 2021 წლის მოგებამ შეადგინა 39.3 მილიონი ლარი), რაც გამჭირვალედ გამოქვეყნდა აუდიტორული ანგარიშის დამტკიცებისთანავე.

ამავდროულად, 2022 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფინანსური შედეგები, რაც გულისხმობს შემდეგს: აქტივები გაიზარდა 723 მილიონ ლარამდე (6%-იანი ზრდა 2021 წელთან შედარებით), ხოლო საკუთარი კაპიტალი გაიზარდა 619 მილიონ ლარამდე (3.8%-იანი ზრდა). წლის მოგებამ 33.7 მილიონი ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით და ყველა საინვესტიციო და გამჭირვალობის უმაღლესი სტანდარტის დაცვით, 2024 წლის 31 იანვარს, აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ობლიგაციის მფლობელებს და  გაკეთდა შეთავაზება, 2022 წელს ემისირებული ობლიგაციების, სურვილის შემთხვევაში, ვადაზე ადრე გამოსყიდვის შესახებ.
აღნიშნული ხაზს უსვამს კომპანიის გამჭირვალობას, ფინანსურ მდგრადობას და ობლიგაციების მფლობელებთან მიმართებაში მაღალ პასუხისმგებლობას.

კომპანია აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მიმდინარე და ახალი დეველოპერული პროექტების განვითარებას. თბილისში, „მწვანე ქალაქი ლისზე“ კომპლექსის ფარგლებში წარმატებით დასრულდა  „ლისი გრინ თაუერის“ გამორჩეული არქიტექტურული პროექტი. ასევე მიმდინარეობს ესპანელი არქიტექტორის რიკარდო ბოფილისა და ბრიტანული არქიტექტურული კომპანიის პროექტების მშენებლობა.
ასევე კომპანიამ უკვე დაიწყო ახალი პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე. ბუკნარი არის ახალი საკურორტო უბანი ლისი დეველოპმენტისგან, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ლოკაციით შავი ზღვის სანაპიროზე. კურორტი მდებარეობს ზღვასა და მთას შორის, ასწლოვან წიწვოვან ტყეში, ბათუმიდან 7 წუთის მანძილზე. პროექტი ითვალისწინებს სასტუმროს აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას უშუალოდ ზღვის სანაპიროს გასწვრივ, რომელიც ასევე მოიცავს რესტორანს, დახურულ აუზს, სპორტულ მოედანსა და მწვანე ზონებს.